საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნატალია მოწონელიძის წიგნის: „შესავალი დაზღვევის სამართალში“ პრეზენტაცია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, სამართლის დოქტორ ნატალია მოწონელიძის წიგნის:  „შესავალი დაზღვევის სამართალში“ პრეზენტაცია გაიმართა.

 

წიგნის პრეზენტაციაში სტრასბურგიდან დისტანციურად მონაწილეობდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე, პროფესორი ლადო ჭანტურია. მან შეკრებილ აუდიტორიას სიტყვით მიმართა. პროფესორმა ლადო ჭანტურიამ ყურადღება გაამახვილა ასოცირებული პროფესორის ნატალია მოწონელიძის აკადემიურ საქმიანობაზე, ისაუბრა წიგნის მნიშვნელობაზე და მის მაღალ აკადემიურ ღირებულებაზე. მიულოცა ავტორს და ქართულ იურიდიულ საზოგადოებას ფუნდამენტური ნაშრომის შექმნა დაზღვევის სამართლის საკითხებზე.

 

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ზარანდიამ და ისაუბრა წიგნის ავტორის მიერ გაწეულ სამეცნიერო საქმიანობაზე. ნატალია მოწონელიძემ განათლება მიიღო საქართველოსა და გერმანიაში (ბრემენის უნივერსიტეტში). აღსანიშნავია, რომ ნატალია მოწონელიძეს დღესაც მჭიდრო თანამშრომლობა აქვს ევროპულ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუციებთან, მათ შორის აღსანიშნავია თანამშრომლობა ზაარლანდის უნივერსიტეტისა და თსუ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში და ასევე, მაქს-პლანკის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტის სტიპენდია, რომელიც ავტორს არაერთხელ აქვს მოპოვებული, მათ შორის 2024 წელს. წარმოდგენილი  სახელმძღვანელოც ძალიან დიდი და ხანგრძლივი შრომის შედეგია და მას წინ უძღვოდა არაერთი სამეცნიერო კვლევა და მონოგრაფია. ნატალია მოწონელიძე 2009 წლიდან ასწავლის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2016 წლიდან იყო იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, ხოლო 2018 წლიდან არის ასოცირებული პროფესორი, ძალიან პროდუქტიული მკვლევარია, არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გამორჩეული კომენტატორი და მისი ნაშრომები კერძო სამართლის სხვადასხვა მიმართულებებით ყოველთვის აქტუალურ საკითხებს ეძღვნება. სასიხარულოა, რომ ჩვენს სტუდენტებს ექნებათ ასეთი დონის სახელმძღვანელო და ჩვენს მეცნიერებსა და პრაქტიკოსებს კი ძალიან ღირებული გზამკვლევი დაზღვევის სამართალში.

 

სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა  დავით ონოფრიშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა წიგნის პრაქტიკულ მნიშვნელობას დარგის განვითარებისთვის. მან აღნიშნა, რომ ნატალია მოწონელიძე ასევე არის ინგლისურ ენაზე გამოცემული ქართული დაზღვევის სამართლის კომენტარის ერთ - ერთი თანაავტორი, რომელიც 2022 წელს გამოვიდა იტალიაში, ლუიჯი ვანვიტელის სახელობის კამპანიის უნივერსიტეტისა და თსუ იურიდიული ფაკულტეტის  თანამშრომლობით, სწორედ საქართველოს დაზღვევის  სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მხარდაჭერით. ამჟამად ეს ნაშრომი ითარგმნება ქართულ ენაზე და ძალიან მალე წარედგინება დაინტერესებულ მკითხველს.

 

პროფესორმა ბესარიონ ზოიძემ შეკრებილ აუდიტორიას სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა იმ დადებით დინამიკას, რაც ბოლო წლებში ქართულ ენაზე იურიდიული  ლიტერატურის შექმნის მიმართულებით აღინიშნება. მან ისაუბრა წიგნის მნიშვნელობაზე, კერძო სადაზღვევო სამართლის სამართლებრივ ბუნებაზე და ამ მიმართულებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს  დადგენილ პრაქტიკაზე.

 

უზენაესის სასამართლოს მოსამართლემ, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ზამბახიძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა დაზღვევის ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებაზე და წიგნის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე სასამართლო პრაქტიკისათვის. აღსანიშნავია ისიც, ნატალია მოწონელიძის ნაშრომები არაერთგზის არის ციტირებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში, რაც მათ განსაკუთრებულ ღირებულებას სძენს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, სამართლის დოქტორმა მარიამ ცისკაძემ აღნიშნა, რომ კერძო სადაზღვევო სამართალს დიდი საზოგადოებრივი და ამავდროულად ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. ამასთან ისაუბრა დაზღვევის სამართლის განვითარების აუცილებლობაზე და ამ კონტექსტში წარმოდგენილი სახელმძღვანელოს მნიშვნელობაზე როგორც სწავლების პროცესში, ასევე ზოგადად დარგის განვითარებისთვის.

 

ღონისძიების შეჯამებისას, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა წიგნის ავტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნატალია მოწონელიძემ, რომელმაც ისაუბრა წიგნზე მუშაობის პროცესზე. დაზღვევის სამართალი, თავისი მრავალმხრივი ბუნებისა და კომპლექსურობის გამო, სამართლის დარგია, რომლის მიმართაც ძალიან დიდი ინტერესია და დაზღვევის  გზით კერძოსამართლებრივი რისკის უზრუნველყოფის შესაძლებლობამ, დიდი პრაქტიკული და სამეცნიერო მნიშვნელობა შეიძინა. წარმოდგენილი კვლევა განხორციელდა, როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში და წიგნში ფართოდ არის გამოყენებული შედარებითსამართლებრივი მეთოდი. წიგნი შექმნილია, როგორც სამართლის სტუდენტებისთვის, ასევე ის განკუთვნილია მეცნიერებისთვის და ერთგვარი სახელმძღვანელოს როლს შეასრულებს პრაქტიკოსი იურისტებისთვის. წიგნი ავტორმა მიუძღვნა საკუთარ მშობლებს, მადლიერების გრძნობით.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ აკადემიური წრის წარმომადგენლები, დაზღვევის სამართლის დარგის ექსპერტები, მოწვეული სტუმრები.

თარიღი: 22/02/2024